იოანა აიერსი

იოანა აიერსი პოლონელი ვიკალისტია რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს.

იგი კრაკოვში დაიბადა, იქვე დაამთავრა ორი მუსიკალური სკოლა – თავდაპირველად ფორტეპიანოს კლასი ხოლო შემდეგ სიმღერის კლასი. აგრეთვე დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი. საქართველოში პირველად მაშინ ჩამოვიდა როდესაც ჯერ კიდევ კრაკოვში სწავლობდა. „ჩემს უნივერსიტეტელ ნაცნობებთან ერთად ორი კვირის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ვმოგზაურობდი. ყველგან გულთბილი მასპინძლები გვხვდებოდნენ მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თბილისი მოგვეწონა.” ამ მოგზაურობის შემდეგ იოანა საქართველოში პრაქტიკულად ყოველ წელს ჩამოდიოდა სტუმრად, ბოლოს კი საცხოვრებლადაც დარჩა აქ.

„რამ მომხიბლა აღმოსავლეთში და განსაკუთრებით საქართველოში? მე ვფიქრობ რომ საერთოდ ადამიანები აღმოსავლეთში უფრო ადამიანურები არიან.  ეს იმას ნიშნავს რომ აქ ადამიანები უფრო გახსნილები და მგრძნობიარენი არიან სხვა ადამიანების მიმართ. მომწონს ქართველების სპონტანურობა. აგრეთვე ძალიან მომწონს ის რომ აქ გვიანობამდე შემიძლია ვიძინო” – იცინის იოანა.

თავისი სამაგისტრო ნაშრომი – რომელიც მომღერალმა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში დაიცვა – საქართველოს მიუძღვნა. შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა რათა ევროკავშირის მისიაში ემუშავა და ამ ქვეყნისათვის შეძლებისდაგვარად სარგებლობა მოეტანა. ამ პერიოდში მან შეიყვარა ქართული ტრადიციული მუსიკა და ქართული რომანსები. იოანაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ხალხის მუსიკალურობამ. ის სთხოვდა აქაურ მეგობრებს რომ მისთვის ქართული სიმღერები ესწავლებინათ.

ცოტა ხანში იოანა აიერსმა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ჩააბარა ვოკალურ განყოფილებაზე. მას გაუმართლა და იგი პროფესორ გულიკო კარიაულის ჯგუფში მოხვდა.

ქართული ვოკალური სკოლის ფენომენი იოანასათვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. იგი ბედნიერი იყო იმით რომ შეეძლო ესწავლა და ეტრიალა ქართული საოპერო სცენის ვარსკვლავების წრეში. სწავლის პერიოდში იგი ძირითადად ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებდა მაგრამ უდიდეს სიამოვნებას მას მაინც კლასიკურად არანჟირებული ქართული რომანსების შესრულება ანიჭებდა. კონსერვატორიაში სწავლის ერთი წლის თავზე იოანამ ევროკავშირის მისიაში მუშაობაზე უარი თქვა რათა თავისი თავი მთლიანად მიეძღვნა მუსიკისათვის და კონსერვატორიაში მეორე მიმართულებითაც დაიწყო სწავლა – ქართული და აფხაზური ტრადიციული მუსიკის განყოფილებაზე.

იოანა გატაცებით სწავლობდა კავკასიის ხალხების ეთნოგრაფიასა და მითოლოგიას, მათ ფოლკლორს, ხალხურ სიმღერებს, აგრეთვე დაკვრას ხალხურ ინსტრუმენტებზე – ჩონგურზე, ჭუნირსა და ჩანგზე. მომღერალი დღემდე ატარებს მუსიკალურ-ეთნოგრაფიულ კვლევებს საქართველოს მთიან, ძნელადმისადგომ რეგიონებში. „ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერების სწავლა იმ ადამიანებისაგან რომელთათვისაც ეს სიმღერები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი არ იცნობენ ნოტებს, მათ ეს სიმღერები თავიანთი ბებიებისა და ბაბუებისაგან ისწავლეს. მათი მუსიკა ბუნებრივი და ჭეშმარიტია”.

იოანა აიერსის რეპერტუარი ძალზე  მრავალფეროვანია, იგი რვა ენაზე მღერის: პოლონურად, ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად, ქართულად და მეგრულად. მის რეპერტუარშია საქართველოს ჰიმნი რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტის წინაშე შეასრულა პოლონეთის ეროვნულ დღესასწაულზე, 3 მაისს. დღესდღეობით იოანა რეგულარულად ასრულებს ქართულ სიმღერებს ჩონგურის თანხლებით.

„მე ვარ ახალგაზრდა ადამიანი გრძელი ბიოგრაფიით – იცინის იოანა – არასოდეს მინდოდა რომ განებივრებული თოჯინა ვყოფილიყავი, არ მინდოდა რომ სხვების დახმარებით შექმნილი არსება მრქმეოდა. ამიტომაც ყოველთვის ვისწრაფვოდი რომ ჯერ კარგად შემეცნო, შემესწავლა ჩემი გარემომცველი გარემო და მხოლოდ ამის შემდეგ მომეთხრო მასზე ჩემს სიმღერებში, როლებში, ცეკვებში”.

მომღერალი თავის სტიქიაში გრძნობს თავს როდესაც კამერის ან ფოტოაპარატის ობიექტივის წინ მუშაობს. 15 წლის ასაკში მას მიჰყავდა სატელევიზიო პროგრამა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის რომელსაც ერქვა „წვეულება ხუთი პლიუსზე”, გარდა ამისა ლონდონში ამზადებდა მუსიკალურ რადიოპროგრამას “მსოფლიო ოთხშაბათები“. იოანას სამსახიობო ნიჭიც გააჩნია. იგი მონაწილეობდა საერთაშორისო თეატრალურ სემინარებში ლონდონში, თბილისსა და გარჯენიცეში, ითამაშა ეპიზოდური როლი ლევან კოღუაშვილის ფილმში – „ბრმა პაემნები”. იგი აგრეთვე დოკუმენტური ფილმების თანაავტორიცაა რომელთაგანაც რამდენიმე საქართველოში იქნა გადაღებული.

ამჟამად იოანა აიერსი დაკავებულია ბგერების ძიებით თავისი პირველი ალბომისათვის. საინტერესოა რა იქნება ამ შემოქმედებითი პროცესის შედეგი.

 

2020 Yoanna Ayers © All rights reserved.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა