«ის ვინც ქსელური ცხოვრებით არ კმაყოფილდება, ჩამოდის საქართველოში»- საუბრობს ნანა ჭანტურია (იალქანი, 2015)

პოლონელი იოანა აიერსი: `სამყარო გადაიღალა ინტერნეტ-ურთიერთობებით. მე საქართველოში ვრჩები~

იოანა აიერსი ამ ცოტა ხნის წინათ `საპატრიარქოს~ ტელევიზიამ შუადღის გადაცემაში მოიწვია.
მოვიხიბლე პოლონელი გოგონას ქართულით; იმ დღეს სხვა რამეც გავიგე მის შესახებ: რომ დაიბადა კრაკოვში, უყვარს საქართველო, სწავლობს თბილისში და რომ ძალზე დაინტერესებულია ქართულ-აფხაზური ფოლკლორით.
გადავწყვიტე, გამეცნო ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი გოგონა. დიალოგი `იალქანში~ შედგა.
დამერწმუნეთ, სასიამოვნო განცდაა, როცა შენი ქვეყნით ასე აღტაცებულ უცხოელს ესაუბრები, როცა არამარტო გატეხილი ქართულით გამოხატავენ შენი კულტურისადმი პატივისცემას.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის IV კურსის სტუდენტმა – იოანა აიერსმა ბევრი რამ გვიამბო თავის შესახებ: როგორ გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა, რატომ დატოვა ლონდონი და რატომ შეიცვალა პროფესია, რა ფენომენია მისთვის ქართული ეთნომუსიკა და რა პერსპექტივები ესახება სამომავლოდ.
– იოანა, დღეს საქართველოში ცხოვრობთ; მაგრამ ვიდრე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ თქვენს საქმიანობაზე, გვიამბეთ პოლონურ წლებზე, ბავშვობაზე.
– დავიბადე კრაკოვში; დედაც მუსიკოსია, მღერის. ბავშვობიდანვე გატაცებული ვიყავი მუსიკით. ვსწავლობდი ქალაქის მუსიკალურ სკოლაში. კითხვაც ძალიან მიყვარდა. ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე და არასდროს მქონდა თავისუფალი დრო. 14 წლის ვიყავი, რუსი მოგზაურის სინკევიჩის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი რომ ვნახე. ფილმი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე ისტორიულ და პოლიტიკურ პროცესებს აანალიზებდა. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, ჩამებარებინა კრაკოვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ვიცოდი, ასე უფრო გამიადვილდებოდა, გავცნობოდი სხვა ქვეყნების ისტორიას, კულტურას, პოლიტიკურ ცხოვრებას.
– ამ დროს რამე იცოდით საქართველოს შესახებ, იმ ქვეყანაზე, წლების მერე თქვენი ცხოვრება რომ დაუკავშირეთ?
– კრაკოვის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკასაც ვეუფლებოდი (მეორად ფაკულტეტზე). პოლონურ ჟურნალ-გაზეთებში მაშინ ხშირად იბეჭდებოდა ჩემი პუბლიკაციები, ძირითადად, სოციალურ პრობლემებზე. ერთ-ერთ წერილზე მუშაობის დროს გაკვრით საქართველოს თემასაც შევეხე. ძალიან მომინდა, მეტი გამეგო ამ ქვეყნის შესახებ.
– რამ განაპირობა ასეთი ინტერესი?
– ეს იყო უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის პერიოდი (ვარდების რევოლუციის შემდეგ). დანგრეული საბჭოეთის შემდეგ ახალი, დემოკრატიული პროცესები, სოციალური რღვევის ფონზე არსებული პრობლემები და მათი დაძლევისა და გარდაქმნის პერსპექტივები მსოფლიოს აინტერესებდა. გარდა ამისა, სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით დემოკრატიულმა ძვრებმა საქართველოში სხვა მასშტაბები შეიძინა. მაშინ II კურსის სტუდენტი ვიყავი. რამდენიმე თვის მანძილზე სტუდენტებმა დეკანთან ერთად ვიმუშავეთ პროექტზე `სამოქალაქო კავკასია~. შეგროვდა საჭირო თანხები სერბიაში, უკრაინასა და საქართველოში გასამგზავრებლად, იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკურ-ეკონომიკური არასტაბილურობის მიუხედავად საინტერესო პერსპექტივები იშლებოდა.
სერბიასა და უკრაინასთან შედარებით საქართველოში ბევრად კომფორტულად და ლაღად ვიგრძენითYთავი, ყველაზე კარგი მასპინძლობა აქ გაგვიწიეს. ჩვენი დეკანი გაკვირვებული იყო: არანაირი ბარიერი არ გვექმნებოდა, როცა დაგეგმილი იყო შეხვედრა მაღალი თანამდებობის პირთან. ყველგან თბილი გარემო და მომღიმარი ადამიანები გვხვდებოდნენ. სხვა ქვეყნებში სხვა რეალობა იყო.
– და მაინც: ალბათ, გახსოვთ ის შთაბეჭდილება, პოზიტიური განწყობა, საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ რომ შეგექმნათ?
– ეს იყო 2005 წელს. ათკაციანი ჯგუფის წევრები მოვფრინავდით კიევიდან. სხვებისგან განსხვავებით, სალონის ბოლო რიგში აღმოვჩნდი, ქართველებს შორის. გახსნეს კონიაკი და, რა თქმა უნდა, მეც შემომთავაზეს. მალე თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო. დღე იყო და ილუმინატორიდან ყველაფერი გარკვევით მოჩანდა. მაგრამ ვხედავდი პატარა, წითელსახურავიან სახლებს და მეჩვენებოდა, რომ ეს იყო სათამაშო შენობები ან სულაც ფერადი ქაღალდებისგან შექმნილი ფიგურები. სხვა დროსაც ბევრჯერ მიფრენია, არც იმ დღეს დამილევია კონიაკი პირველად, მაგრამ მსგავსი განცდა არასოდეს მქონია.
– მოგვიანებით მაინც ახსენით, რამ გამოიწვია ასეთი ეიფორია თქვენში?
– მერეც არაერთხელ ჩამოვედი თბილისში. ყოველი შეხვედრა ადრენალინივით ისეთ სიამოვნებას მანიჭებდა, ქვეცნობიერად ისეთ აუხსნელ კავშირებს ვგრძნობდი თქვენს ქვეყანასთან, ხალხთან, რომ მაშინ გავიფიქრე: პოლონეთის მერე მხოლოდ აქ თუ შევძლებდი ცხოვრებას.
– ვერანაირად ვაკავშირებ ერთმანეთთან ორ სფეროს – ახლო წარსულში პოლიტიკით გატაცებას, დღეს კი რადიკალურად სხვა არჩევანს – ვგულისხმობ მუსიკას.
– მეტსაც გეტყვით. კრაკოვის შემდეგ სწავლა გავაგრძელე ლონდონში, სახელმწიფო დეპარტამენტის ფაკულტეტზე, სადაც საკურსო თემად კონფლიქტები, თავსმოხვეული ომები ავირჩიე. აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის განვითარებად ქვეყნებთან შედარებით კავკასია, ისტორიული და გეოპოლიტიკური ასპექტით, ბევრად საყურადღებო რეგიონია. საქართველოშიც უკვე არაერთხელ ვიყავი ნამყოფი. მოვიარე ლონდონის ცნობილი ბიბლიოთეკები. მსურდა, ყველანაირი ინფორმაცია მომეძიებინა კავკასიის შესახებ.
– როცა ტელევიზიით გიხილეთ, სწორედ ეს გამიკვირდა. რომ ლონდონის ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებლის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში, ვოკალის სპეციალობით გააგრძელეთ სწავლა.
– ახლავე აგიხსნით ყველაფერს. 2008 წელს ლონდონიდან სტაჟირებაზე ჩამოვედი თბილისში. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით ოფიციალურად დავიწყე მუშაობა ევროპული მისიის თბილისის წარმომადგენლობაში. მაშინ შევიტყვე ქართველების უძველესი და უმდიდრესი ფოლკლორის შესახებ. სიმართლე გითხრათ, შინაგანად მე ყოველთვის უპირატესობას მაინც მუსიკას ვანიჭებდი. ყველა სხვა საქმიანობა ჩემთვის უფრო ჰობივით იყო. მით უფრო, პოლიტოლოგია.
თბილისში ჯერ დავუახლოვდი უცხოელებისგან შემდგარ ფოლკლორულ ანსამბლ `ნადურის~ წევრებს, შემდეგ `შავნაბადას~ ერთ-ერთ სოლისტს, რომელიც ინდივიდუალურ გაკვეთილებს მიტარებდა. სხვათა შორის, უფასოდ, უანგაროდ. მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალური ფოლკლორით ჩემს აღფრთოვანებას დაუფარავად გამოხატავდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ქალბატონ გულიკო ქარიაულს ვუმადლი. სწორედ მან შეცვალა რადიკალურად, სასიკეთოდ ჩემი ცხოვრება. იშვიათია ასეთი პედაგოგი და პროფესიონალი. უზომოდ კმაყოფილი ვიყავი მისი გაკვეთილებით.
– გვეამაყება, რომ საქართველო ამ მხრივ მართლაც უნიკალური ქვეყანაა; ქართული პოლიფონია კი კაცობრიობის ზეპირი ტრადიციის განსაკუთრებული ფენომენი.
– როცა ქალბატონმა გულიკომ ერთ დღეს მითხრა, რომ ჩემი მონაცემებით კონსერვატორიაში უნდა მესწავლა, თავიდან ხუმრობად ჩავუთვალე. არადა, უკვე არჩეული პროფესიით ვმუშაობდი, მესახებოდა სხვა პერსპექტივა, კარიერითაც და ფინანსურადაც უზრუნველყოფილი. ქალბატონმა გულიკომ მითხრა, თუ მოვინდომებდი, დავძლევდი სირთულეებს. ასე ავღმოვჩნდი კონსერვატორიაში, სადაც შემირჩიეს საუკეთესო პედაგოგები. ერთი წელი გავუძელი უმძიმეს რეჟიმს. ღამე თითქმის არ მეძინა. მაშინ აღმოვჩნდი არჩევანის წინაშე. საბოლოოდ მუსიკამ გაიმარჯვა.
– მერე თუ ინანეთ, ლონდონში რომ არ დაბრუნდით?
– არასოდეს.
– თქვენი პიროვნული არაორდინალურობა პოლიტიკიდან მუსიკაში მოსვლით ჩანს. მუდმივად ეძებთ, გიყვართ ინოვაციები და ეს, ალბათ, თქვენი ბუნებაა. დღეს უკვე მუსიკაში მოღვაწეობთ. ამ შემოქმედებით სფეროში რამ დაგაინტერესათ ყველაზე მეტად?
– ეთნომუსიკამ. უფრო კონკრეტულად, აფხაზურმა ფოლკლორმა. მაგრამ იმთავითვე სირთულეებს წავაწყდი. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ძნელად ვაგნებდი საჭირო ნოტებს. ხელთ მქონდა მხოლოდ კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში მოძიებული ლიტერატურა. ისიც, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში გადაწერილი ნოტები. თითოეულ სიმღერას დაწვრილებით ვაანალიზებდი, ვსწავლობდი.
– პარალელს გაავლებდით ქართულ და აფხაზურ ეთნომუსიკას შორის? მოძიებულ სიმღერებს ამ მხრივ თუ მიმოიხილავდით?
– აფხაზურ ფოლკლორულ მუსიკაში იყენებენ სხვა ინსტრუმენტებს. მათი ნაციონალური სიმღერები სრულდება აჩარპედით და აფხარცით. აფხარცა უფრო ჰგავს ჭუნირს, აჩარპედი კი სალამურს; მაგრამ აჩარპედი ოდხმოვანია და მასზე დაკვრა ძალზე რთულია. ჭუნირს თუ სამი სიმი აქვს, აფხარცას ორი. როცა აფხაზურ ფოლკლორზე ვმუშაობდი, ჭუნირს ერთ სიმს ვაკლებდი, შესრულებულ სიმღერას თავისი ჟღერადობა რომ შეენარჩუნებინა.
– იოანა, ვინ იყო ამ დროს თქვენს გვერდით, ვისგან იღებდით საჭირო რეკომენდაციებს?
– ლიტერატურის მოძიებასა და დამუშავებაში მეხმარებოდა ქალბატონი ნინო კალანდაძე, კონსერვატორიის პედაგოგი და ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტი. ქალბატონი ნინო ღამბაშიძეც, რომელიც მუსიკოსი არ არის, მაგრამ როგორც ეთნოგრაფმა, ძალიან ბევრი რამ მიამბო სიმღერებთან დაკავშირებული აფხაზური რიტუალების შესახებ. გაგიკვირდებათ და პოლონელი მეგობრებისგანაც ვგრძნობდი თანადგომას. ერთი ჩემი ახლობელი ჩასული იყო სოხუმში და მომაწოდა იქ გამოცემული წიგნი `აფხაზური ფოლკლორი~.
– მუსიკა კაციობრიობის ხნისაა და ის ადამიანის ხმისგან დაიბადა. უშორესი საუკუნეების წიაღში იშვა ადამიანის სულიერი განწყობის გამომხატველი ფოლკლორიც, მასთან დაკავშირებული მითი თუ რიტუალი.
– ეთნომუსიკა და რიტუალი განუყოფელია. ეთნოგრაფიის პარალელურად მე ვეცნობოდი მუსიკალური თერაპიის კურსსაც. მუსიკალური თერაპია შედარებით ახალი სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც ევროპაში გასული საუკუნის 50-60-იან წლებში წარმოიშვა. ეს პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ეროვნულ სიმღერებშიც გამოიყენებოდა. აფხაზური ფოლკლორისათვის სწორედ სამკურნალო ხასიათის სიმღერებია ნიშანდობლივი. თუ ქართული ფოლკლორის მიხედვით მუსიკალური თერაპია ზემოქმედებდა ძირითადად ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ (სხვადასხვა სახის ბატონები), აფხაზურ ფოლკლორში მას ნერვული დაავადებების დასამარცხებლადაც იყენებდნენ, აგრეთვე, ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაშუშებლად.
– იქნებ, მოუყვეთ მკითხველს რომელიმე აფხაზური რიტუალის შესახებ, რომელიც სიმღერის თანხლებით სრულდებოდა? შემეცნებითი თვალსაზრისით, ალბათ, განსაკუთრებით საინტერესოა ფოლკლორის ეს სფერო.
– აფხაზური ეთნოსის მიხედვით, ყვავილის (ინფექციური დაავადებაა) გადამტანები არიან ზეციური ღვთაებები – ახიზუთხანი და მისი მეუღლე ხანია ხახვა. მითი იმით იწყება, რომ ცხენზე ამხედრებულ ახიზუთხანს კვალდაკვალ მიჰყვება ვირზე შემომჯდარი ხანია ხახვა და თავის მოშენებულ ყვავილებს ფანტავს სოფლის გზაზე, ავრცელებს დაავადებას. ხალხური რწმენით, ადამიანები რომ განკურნებულიყვნენ, უნდა შესრულებულიყო განსაკუთრებული რიტუალი (აჩაფშარა). ირჩევდნენ ორ ულამაზეს გოგონას; ერთს – არისტოკრატული ოჯახიდან, მეორეს კი – მდაბიოთა წრიდან. მიჰყავდათ ისინი ტყეში, სადაც მთელი სოფელი იყრიდა თავს. მსხვერპლად უნდა შეეწირათ ორი თხა – ვაცი და ნეზვი (მამალ-დედალი). მუხლებზე დაჩოქილი ადამიანები ევედრებოდნენ უხილავ ღვთაებებს, ეკოცნათ გოგონების მკერდისთვის, აბრეშუმის გამჭვირვალე ნაჭერი რომ ფარავდა მხოლოდ. ტრადიციის თანახმად, ამ წმინდა რიტუალის შემდეგ ახიზუთხანი და ხანია ხახვა სოფლის შვილობლები ხდებოდნენ. იშლებოდა სუფრა; სოფელი ილხენდა. ბოლოს კი ორ ცხენს, მამაკაცისა და მანდილოსნის უნაგირებით, სიმღერით აცილებდნენ სოფლიდან. ტოვებდნენ სოფელს დაავადების გადამტანი ღვთაებები, ასე იმარჯვებდა სოფელი ყვავილზე. უამრავი ასეთი აფხაზური სიმღერა და რიტუალი მაქვს შესწავლილი.
– იმ დღეს ტელევიზიით მეგრული სიმღერა `ასე ჩონგური~ შეასრულეთ და ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ლირიკული ინტონაციებით მოგვხიბლეთ. რომელია თქვენთვის გამორჩეული სიმღერები და სად ასრულებთ მათ?
– ძალიან ბევრია ასეთი, მაგრამ ეროვნული ფოლკლორიდან გამოვყოფდი მეგრულ `ვაგიორქო მას~, `ასე ჩელას~, გურულ `უწინარეს მას ვადიდებთ~, ქართულ `იავნანას~, `თბილისოს~, `სულიკოს~. სიამოვნებით ვასრულებ ვაჟა-ფშაველას (ეს პოეტი ჩემთვის გამორჩეულია) ლექსზე შექმნილ ნოდარ გაბუნიას სიმღერას `ერთხელ იქნება, მოვკვდები~. უამრავ კონცერტში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
– იყავით კრიტიკული და გულახდილად გვითხარით, როგორ გრძნობს თავს საქართველოში გამოკვეთილი ევროპული მენტალობის ადამიანი?
– მე აქ ძალიან კარგად რომ არ მეგრძნო თავი, მალევე გავიქცეოდი ქვეყნიდან. საქართველოში ჩამოსული უცხოელი იხიბლება იმ ღირებულებებით, რაც, დიდი ხანია, უცხოა დასავლეთისთვის. ადამიანური ურთიერთობების განმსაზღვრელი, ასე ვთქვათ, დირიჯორი დღეს იქ ფულია. კი, ბატონო, 21-ე საუკუნეა, აუცილებელია მობილურიც, ინტერნეტიც, მაგრამ ადამიანები თანდათან ვკარგავთ ერთმანეთს. სამყარო გადაიღალა ინტერნეტ-ურთიერთობებით. დღეს ამერიკელების უმრავლესობა დეპრესიულია და ჰყავთ პირადი ფსიქოლოგები. აკლიათ ადამიანური კონტაქტები და იმიტომ. მე საქართველოში ბევრი რამ გავითავისე. როდესაც პოლონეთში ვბრუნდები, ასე ვთქვათ, `ქართული წესებით~ ვვურთიერთობ ადამიანებთან, `ქართულად~ ვმასპინძლობ სტუმრებს. პოლონელი კი თითქოს ჩემთვის ბარიერს იქეთ დგას და უკვე ვერ მიგებს. ონკანი რომ შუაღამით მწყობრიდან გამოვიდეს, პოლონეთში მეზობელს ვერ შეაწუხებ. აქ ჩამოსული დედაჩემი გაოგნებული უყურებდა ღამის პიჟამოში გამოწყობილ რეზოს, შუაღამით ლოგინიდან ამდგარს, დაზიანებული ონკანის გაკეთებას საგულდაგულოდ რომ ცდილობდა. დედაჩემისგან ამის შესახებ, ლამის, ნახევარმა პოლონეთმა შეიტყო.
– სამომავლოდ რას ფიქრობთ?
– ვიცი, რომ საქართველოში ვრჩები საცხოვრებლად. მინდა, ვიმოგზაურო ქვეყანაში, მოვიარო კუთხე-კუნჭული, ჩავწერო ახალი სიმღერები.
– რა არის ის, რის გამოც დროს არ დაკარგავდით?
– ცუდ ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის დროის ფუჭად დაკარგვაა.
– და ბოლოს, ჩვენი ტრადიციული შეკითხვა: რას უსურვებდით `იალქანს~?
– ისეთი ჟურნალი, რომელიც თქვენ მანახეთ და ნაწილობრივ გამაცანით კიდეც, მე მგონი, დღეს ნაკლებადაა. მე ვისურვებდი, რომ კარგ მკითხველს ჩაუვარდეს იგი ხელში; რაც შეიძლება, მეტმა მოზარდმა გაიცნოს იგი. მე რომ ახლა მათ ასაკში ვიყო, დავეშურებოდი ჟურნალში დაბეჭდილ პუბლიკაციებს. მე ყოველთვის მხიბლავდა, მომწონდა სულიერებით გაჯერებული ასეთი ლიტერატურა.
– უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებს.

Read more

2018 Yoanna Ayers © All rights reserved.